ტაძრის მშენებლობა პირდაპირ ეთერში.       ვ ი დ ე ო    მ ა რ შ უ ტ ე ბ ი   ტ ა ძ რ ე ბ ი ს კ ე ნ!



სტატისტიკა

საიტის მენიუ

ანასტასიას საფლავი მდებარეობს კუკიაზე, ყოფილი პოლიციის (ახალში არ აგერიოთ) შენობის უკანა მხარეს  საფეხმავლო ბილიკი სადაც მანიშნობლები არის მწვანე ფერით, მის საფლავთან მიგიყვანთ.

 

პარაკლისი აღავლინა 2010 წლის 4 იანვარს მღვდელმონაზონმა ღვთისავარმა (გობეჯიშვილი)

 

 

 

 

 

 

 

ვიდეო ფაილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


მეოცე საუკუნის უცნობი წმინდანი, რომელიც ნახალოვკაში ცხოვრობდა
მწვანედ შეღებილი, ძველებური ხის ფიცრული ჭიშკარი ჭრიალით გაიღო, სლავური გარეგნობის თბილად მომღიმარი ხანდაზმული მამაკაცი ეზოში შემიძღვა. ქვაფენილიან ბილიკს ნაბიჯ–ნაბიჯ ავუყევი და სხვადასხვა ასაკის მლოცველებით სავსე ეზოში აღმოვჩნდი. ისინი გარს შემორტყმოდნენ დაბალ, კოხტა ღობით შემოვლებულ ქვას, რომლის ირგვლივ უამრავი სანთელი ენთო. სწორედ ამ ადგილას, სადაც ეს ქვის ლოდი წამომართულა, ათეული წლების მანძილზე კლდესავით უძრავად, ქარსა და წვიმაში ზაფხულის თაკარა მზესა და ზამთრის ყინვიან სუსხში, საკუთარ ქუსლებზე იჯდა და განუწყვეტლივ ლოცულობდა ხალხის მიერ "მჯდომარე ანასტასიად" წოდებული ანასტასია ნიკიშჩევა. რამ აიძულა ადამიანი ასეთი უზარმაზარი ტვირთი აეღო საკუთარ თავზე და ვისთვის ლოცულობდა ის? ამ კითხვით მივმართეთ ყველასათვის ცნობილ და საყვარელ ტელე–ჟურნალისტს ქალბატონ ხათუნა (თამარ) კეთილაძეს, რომელიც თავადაც "მჯდომარე ანასტასიას" თაყვანისმცემელი აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ისიც უამრავი ადამიანის მსგავსად ანასტასიასთვის სამადლობელის სათქმელად და შეწევნის სათხოვნელად მოსულიყო ამ საოცარ ადგილას.
– ქალბატონო ხათუნა, საიდან შეიტყვეთ მეოცე საუკუნის ამ საოცარი მოღვაწის შესახებ?
– პირველად არქიმანდრიტ რაფაელ კარელინის წიგნში "გადარჩენის საიდუმლო" ამოვიკითხე დაყუდებული ნასტასიას შესახებ; მამა რაფაელი წერდა: "ცხოვრებაში ისეთ ადამიანებს შევხვედრილვარ, რომლებიც მუდმივი სასწაულის ატმოსფეროში ცხოვრობდნენ. მათთვის თითქოს არ არსებობდა ფიზიკის კანონები, ადამიანის უძლურება, ვნებები, რომლებიც სულს აზიანებს. თითქოს მათთვის, ხატოვნად რომ ვთქვათ, არ არსებობდა მიზიდულობის ძალა. ასეთი ადამიანი იყო ანასტასია, რომელსაც ხალხი "მჯდომარე ანასტასიას" ეძახდა. მისი ღვაწლი ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატებოდა, ისევე, როგორც ძველი მესვეტეებისა. საკუთარი თვალით რომ არ მენახა და მხოლოდ გამეგონა ანასტასიას შესახებ, ალბათ, გულში ეჭვი შემეპარებოდა, ისევე, როგორც შესაძლოა ამ სტრიქონების მკითხველს, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან მოწმეები, თვითმხილველები ჩვენს დროში მოვლენილი ამ სასწაულისა".
ამ სტრიქონების ამოკითხვის მერე ძნელი იყო ინტერესი არ გაგჩენოდა როგორც ჟურნალისტსა და ადამიანს და არ მოგეძებნა ამ საოცარი ადამიანის ისტორია. იმ ხანად 90 იანი წლების არეულობის გამო "მჯდომარე ანასტასიას" ნათესავები რუსეთში წავიდნენ და მისი საფლავიც დაკარგული იყო; ვიცოდით მხოლოდ ის, რომ სადღაც კუკიაზე, დაიმარხა სპეციალური კუბო, უფრო სწორად კი, უბრალო ხის ყუთი, რადგანაც "მჯდომარე ანასტასიას" მუხლის მყესები განუწყვეტელი ჯდომისაგან გაძვალებოდა და ის გარდაცვალების შემდეგაც, ასე ლოცვაში, გაქვავებული ღვთისათვის მავედრებელი დაკრძალეს.
– როგორ იპოვეთ წლების წინ დაკარგული საფლავი?
– 4 წელი მე და ჩემი მეუღლე, ანასტასიას საფლავს, როგორც მხსნელს, ისე ვეძებდით. ვიცოდით მისი ისტორიის შესახებ, თუ როგორ გაწირა თავი საყვარელი ადამიანის ცხონებისთვის და ეს მხოლოდ უფლის სიყვარულით შესძლო. ძალიან გვინდოდა, რომ ანასტასია, ჩვენი სიყვარულის მფარველი ყოფილიყო და მის საფლავს ყველგან ვეძებდით. ჩემთვის და დათოსთვისაც ეს მეორე ქორწინებაა. როცა ჩვენ ერთმანეთს შევხვდით, მაშინვე მივხვდით, რომ რაღაც უფრო იმაზე დიდი უნდა შეგვექმნა, რაც დავანგრიეთ. ძალიან ბევრი პრობლემა შეგვექმნა. გადავწყვიტეთ, ცალ–ცალკე მონასტრებში წავსულიყავით და იქ გველოცა ერთმანეთისთვის. ამ პერიოდში ორივე მხოლოდ იმას ვფიქრობდით, არ დავშორებოდით დედაეკლესიას, რომელიც ორივესთვის მაცოცხლებელი ძალაა – მე მგალობელი ვარ, დათო – სტიქაროსანი. ამიტომ ვეძებდით ისეთ წმინდანს, რომელიც ჩვენს სიყვარულს შეიფარებდა. ოთხი წელი უშედეგოდ დავეძებდით მის საფლავს, ამ პერიოდში კუკიის ყველა ძველი მესაფლავე და მეკუბოვე გავიცანით მაგრამ უშედეგოდ, დაშორება რომ გადავწყვიტეთ, სულიერად ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავით. მაშინ ანასტასია თავისით გამოჩნდა, დათომ დამირეკა და მეუბნება, ახლა არაფერი მითხრა, ანასტასიას საფლავი გამოჩნდაო. დამავიწყდა ნაჩხუბრები რომ ვიყავით და მაშინვე ამოვედით კუკიაზე ანასტასიას საფლავზე. მისი შემწეობით და მფარველობით იერუსალიმში წმიდა გიორგის საფლავზე ჯვარიც დავიწერეთ. პატარა ვაჟიც გვეყოლა, რომელიც მაცხოვრის ბაგაში ჩაწვენის ღირსი გახდა. როდესაც დათო მაბრაზებს, მაშინვე ანასტასიას საფლავზე ამოვდივარ, დათო მეუბნება, ახლა უნდა დამაბეზღოო. მერე წმიდა ანასტასიაც გვარიგებს, გვამშვიდებს და გვასწავლის, რომ ერთმანეთის ლოცვაში მოხსენიებას ძალიან დიდი ძალა აქვს. ანასტასია არა მარტო ჩვენი, არამედ ბევრი შეყვარებულის, ოჯახის მფარველი გახდა.
– ვისთვის ლოცულობდა "მჯდომარე ანასტასია"?
– ანასტასია, იგივე ანა საზონოვა დაიბადა თბილისში, იგი ცხოვრობდა ნახალოვკაში და როგორც ამბობენ, ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი გოგონა იყო. მას დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა და დედინაცვალი ზრდიდა, რომელსაც გერის ეკლესიური ცხოვრება ძალიან აღიზიანებდა და ღვთის მორჩილებაში მყოფ ანასტასიას მტრად მოეკიდა. ანასტასია სახლთან ახლოს ნაძალადევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გალობდა. შემდგომში ეს ტაძარი კომუნისტებმა აბანოდ გადააქციეს და ამჟამად, ღვთის წყალობით, ისევ მოქმედია. ანასტასიას ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ მისი რჩეული ერთი ღარიბი ოფიცერი გახდა, რომელზეც ამავე ეკლესიაში დედინაცვლისაგან ფარულად დაინიშნა კიდეც. 1905 წელს, როდესაც პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებდა, საქმრო ოფიცერი ფრონტზე წასვლამდე ანასტასიასთან მივიდა სახლში დასამშვიდობებლად, მაგრამ დედინაცვალმა ბოროტი ტყუილი უთხრა, ანასტასია გაგიჟდა, გაკოჭეს და საავადმყოფოში წაიყვანესო. სასოწარკვეთილმა ოფიცერმა რევოლვერი ამოიღო და იქვე მოიკლა თავი. იმ დროს ანასტასია ეკლესიაში ლოცვაზე იმყოფებოდა. სახლში რომ დაბრუნდა და საქმრო მკვდარი იხილა, მუხლებზე დაეშვა და ამ დღიდან მლოცველად დაეყუდა. აქედან დაიწყო მისი მოწამეობრივი მოღვაწეობა. ანასტასია ღრმადმორწმუნე იყო და მან ამ საქციელით დაგვანახა, არა მამაკაცის სიყვარულის, არამედ ღვთისადმი სიყვარულისა და ადამიანში ღვთის ხატების სიყვარულის მაგალითი. მან იცოდა, რომ თვითმკვლელის ცხონება შეუძლებელია, ეს არის შეუნანიებელი ცოდვა, რომელიც სიმძიმედ აწვება გარდაცვლილის სულს. აქედან გამომდინარე, თვითმკვლელს არც წესი აეგება და არც პანაშვიდი გადაეხდება. შეიძლება, რომ მისმა შვილმა, შვილიშვილმა, ან გვარში მემკვიდრემ აიღოს საკუთარ თავზე მონაზვნური ღვაწლი და სქემაში ილოცოს მისთვის. ანასტასიას ოფიცერი გულწრფელად უყვარდა, შეებრალა, მისი ცოდვით დამძიმებული სული, იქვე დაიჩოქა და აუდგომლად, 1905 წლიდან 1970 წლამდე ლოცულობდა. გარდაცვალებამდე რამოდენიმე წლით ადრე კი, დედინაცვალმა იმ ადგილიდან ააყენა, გზაზე სიარულში ხელს მიშლიო და შეუშვეს პატარა, გადახურულ ქოხში, რომელიც ძაღლის "კანურას" უფრო ჰგავდა. ზემოდან გადახურული იყო, მაგრამ კარი არ ჰქონდა. ანასტასია, მიუხედავად იმისა, რომ 65 წლის განმავლობაში ღია ცის ქვეშ იჯდა, წამებაში, განკითხვაში, ლანძღვაში, მილიცია დევნიდა, დედინაცვალი ყინვაში გამოდიოდა და ცივ წყალს ასხამდა, ჩათვალა, რომ რადგან ჭერი გაუჩნდა, ამით ღვაწლი შეუმსუბუქდა, ამიტომ დამსხვრეული შუშის ბოთლებზე, კონსერვის ყუთებზე დაჯდა, რომლებსაც სახურავები ისე ჰქონდა მოჭრილი, ბასრი პირი ხანდახან ძვლამდე ატანდა. ის არც სკამზე იჯდა, არც მუხლებზე. მხოლოდ საკუთარ ქუსლებზე იჯდა ათეული წლების განმავლობაში.
– მასთან ბევრი ადამიანი მიდიოდა და სასწაულებს ახდენდა?
– ანასტასია ხშირად სალოსობდა; ადამიანს ისე მოაჩვენებდა თავს, თითქოს სულელი იყო, ბევრს ამხილებდა კიდეც. ძალიან ბევრი ადამიანი მიდიოდა და ლოცულობდა. მოგეხსენებათ, კომუნისტების დრო იყო და მაშინვე იწყებდა პოლიცია მათ გაყრას. მოგვიანებით, პოლიციის ერთ–ერთი მაღალი ჩინოვნიკის შვილს პრობლემები შეექმნა. ის მივიდა ანასტასიასთან და რჩევა ჰკითხა. პასუხად, შეწევნა მიიღო და მას შემდეგ ისე სასტიკად აღარ დევნიდნენ. ანასტასიასთან ვასილ მჟავანაძეც იყო მისული. მისთვის უთქვამს, ერთ წელიწადში წყალდიდობა იქნება თბილისში, მთელი მარჯვენა სანაპირო, ავლაბარი, ორთაჭალა ჩაირეცხება, ამიტომ დამცავი ჯებირები გააკეთეთო. მისი შეგონებით, მჟავანაძემ გამოითხოვა რუსეთიდან დაფინანსება, გააკეთა ჯებირები და სწორედ იმ წელს, ანასტასიამ რომ მიუთითა, მართლაც მოხდა წყალდიდობა, მაგრამ გადარჩა თბილისი და მოსახლეობა. სხვათა შორის, ანასტასიას ვასილ მჟავანაძე პირველად 1956 წლის 9 მარტს შეხვდა, როდესაც ხრუშჩოვმა ქართველების გადასახლება მოინდომა. ვასილ პავლოვიჩს მისთვის უკითხავს, რა გვეშველებაო, ანასტასიას უთქვამს, ნუ გეშინია, ქართველებს ვერაფერს უზამს, ეს ხელისუფლება მალე შეიცვლებაო და მართლაც ასე მოხდა.
– საბჭოთა ლიდერებიდან სხვა ვინმე თუ მიდიოდა ანასტასიასთან?
– მასთან დადიოდა ასევე ლავრენტი ბერიას დედაც, რომელიც მორწმუნე ადამიანი იყო. ის პატრიარქ ეფრემ ||–სთანაც დადიოდა, ყველას ევედრებოდა, ელოცათ მისი შვილისთვის, რომ არ წარწყმენდილიყო. ანასტასიასთვისაც რამდენჯერმე უთხოვია, შვილის მოხსენიება და როგორც ვიცი, მას იხსენებდა ლოცვებში. ანასტასია თავად ძალიან ცოტას საუბრობდა. თუ ჰკითხავდნენ, ესა და ეს ადამიანი გარდაცვლილიაო? – აიღებდა ვაშლს ხელში და ეს ნიშნავდა ცოცხალი იყო, თუ დადებდა – გარდაცვლილი. ძალიან ბევრ ადამიანს სნეულები ჰყავდა და მათ განკურნებას სთხოვდნენ. ანასტასია ვერ მიჰყვებოდა სნეულთან, ამიტომ აიღებდა ვაშლს, "მამაო ჩვენოს" იტყოდა, გადასახავდა ჯვარს და გაატანდა. ამ ვაშლის ჭამით ძალიან ბევრი ადამიანი განკურნებულა. შესაბამისად, როდესაც საფლავზე მოვდივართ, ყოველთვის ამოგვაქვს ვაშლი, ვაწყობთ მის საფლავზე, ვკითხულობთ ლოცვებს, ვიხდით პანაშვიდს, ვასხურებთ საფლავს წყალს და მერე ვაშლებს ადამიანებს ვურიგებთ. ძალიან ბევრ ადამიანს გაეხსნა ბედი, გათხოვდა, ცოლი მოიყვანა, სამსახურის პრობლემები მოუგვარდა. მთავარია, ამ ყველაფერს ადამიანი რამდენად მიეახლება რწმენით, რამდენად შევუშვებთ მას ჩვენს გულებში.
– საფლავის მომლოცველთაგან განკურნების სასწაული თუ მომხდარა?
– ანასტასიას ფეხებთან მე და ჩემმა მეუღლემ ბზა დავრგეთ. ბზის გამყიდველს მანანა ჰქვია. მას ჰყავს შვილი, შოთიკო, რომელიც დაბადებიდანვე ვერ ამოძრავებს მარცხენა ხელს. ჩემმა მეუღლემ შოთიკო საფლავზე წამოიყვანა, მას დაარგვევინა ბზა და თან უთხრა, მიწა მოასწორე და თქვი: წმინდა ანასტასია, როგორც მე გაგილამაზე საფლავი, ისე გამილამაზე ჩემი ხელიო. შემდეგ ვილოცეთ, წამოვედით, ვაშლები გავატანეთ შოთიკოს. ღამის სამ საათზე ჩემს მეუღლეს დაურეკა დედამისმა და ასეთი ისტორია მოუყვა: ბავშვს სპეციალურად არ მივეცი ვაშლები, უნდა გამომეზოგებინა და უცებ დავინახე, რომ დგას ფეხზე, ხელი აქვს წინ გაშვერილი და წითელი ვაშლი უჭირავს. მითხრა, ანასტასია დამესიზმრა და ეს ვაშლი მომცაო. აღდგომის მარხვის ბოლო კვირა იყო, ვნების შვიდეული, შოთიკო ეკლესიაში წავიყვანეთ, ეზიარა. მამა გაბრიელის საფლავზეც გვყავდა, ილოცა. დღეს ის ეკლესიურად ცხოვრობს. მარცხენა ხელით რაღაცეებს აკეთებს, არადა ადრე საერთოდ ვერ ამოძრავებდა.
– სასულიერო პირები მოდიან ანასტასიას საფლავზე?
– ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის საფლავზე, ფაქტობრივად, საქართველოს ყველა დიდი მონასტრის იღუმენი მოვიდა და ყველამ თითო პანაშვიდი მაინც გადაიხადა, ზოგს რა წყალობა მიეცა, ზოგს კიდევ – რა. მაგალითად, ერთი იღუმენი ცოტა ხნის წინ არქიმანდრიტი გახდა. მაშინდელი სამღვდელოებაც მიდიოდა "მჯდომარე ანასტასიასთან". როგორც მითხრეს, ხშირად ეზიარებოდა.
ნაძალადევში ხიმშიაშვილის (ყოფილი ალილუევას) ქუჩა #11–ში, იმ ეზოში, სადაც ანასტასია ლოცულობდა, დღესაც ცხოვრობს ანასტასიას დისშვილი, გიორგი საზანოვი.
გიორგი საზანოვი:
– ძალიან კარგად მახსოვს დეიდა, 1940 წლიდან სულ მე ვუვლიდი, დილით რომ ვდგებოდი, მაშინვე მასთან მივდიოდი. იმ დროს მასთან ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა. მე მის წინ სკამები დავდგი, იქ ისხდნენ, გალობდნენ, ლოცულობდნენ. მილიციის უფროსი რომ ჩამოივლიდა, ხმას გაიგებდა, მაშინვე გარეკავდა ხალხს. 2–3 წელი არავის უშვებდნენ. 1970 წლის 7 ივნისი იყო, დილით რომ ავდექი, გამოვედი ეზოში და გარდაცვლილი დამხვდა. მალე არ დაგვისაფლავებია იმიტომ, რომ გამოსამშვიდობებლად ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა, მათ შორის სასულიერო პირებიც. წესი აუგეს, პანაშვიდები გადაუხადეს. დღეც და ღამეც სულ ხალხი იყო. ანასტასიას ფეხები შეხორცებული ჰქონდა, ქუსლებზე იჯდა, მუხლებში იყო მოხრილი. რომ გარდაიცვალა, სპეციალური ყუთი გავუკეთე, სადაც ჩავაწვინეთ და დავმარხეთ. ზამთარში, თოვლი რომ მოვიდოდა, ანასტასია სულ დაითოვლებოდა ხოლმე. დედა მეუბნებოდა, მიდი ცოცხი აიღე და გადაწმინდეო. პატარა ვიყავი, არ ვიცოდი, როგორ უნდა გამეკეთებინა და ცოცხს ვურტყამდი. მერე ამიხსნეს, ასე არ შეიძლებაო. არასდროს გამხდარა ავად. მერე გადავუხურეთ ის ადგილი, გარეთ გამოვიდა, არ უნდოდა სახურავი, წვიმაში და თოვლშიც ასე იყო. ღამის ქოთანი ისეთი დაჟანგებული იყო, ხელი რომ გაგესვა, გაგეჭრებოდა. ქალები მოდიოდნენ, უცვლიდნენ. ახალზე უარს ამბობდა, ძველი მინდაო, ჭრილობა არასდროს დასჩირქებია. რომ ვუვლიდი, მერე 5 კაპიკს მაძლევდა. ჩემმა მეგობარმა "პობედა" იყიდა, ქალაქგარეთ გვინდოდა წასვლა, მაგრამ ფული არ გვქონდა. ანასტასიასთან მივედი, მომეცი–მეთქი, ასე მითხრა, წადით და უკან წყნარად დაბრუნდებითო. რას ვიზამდით, წავედით. ერთ ადგილას გავჩერდით, ქარი იყო, უცებ ჩემმა მეგობარმა დამიძახა, მოდი აქო. მივედი და ვნახე, რომ 25 მანეთი უპოვია. მაშინ ეს დიდი ფული იყო, ბენზინიც ჩავასხით და დაგვრჩა კიდეც. ანასტასია ძალიან ტკბილად საუბრობდა, მაგრამ ზოგიერთი ადამიანისგან იღებდა ხილს, საჭმელს, ზოგს ეზოში არ უშვებდა, დაუგორებდა მოტანილ ხილს. ეზოს იქით ბავშვები თამაშობდნენ და ისინი მაშინვე დასტაცებდნენ ხოლმე ხელს. პატარა ვიყავი და ვერაფერს ვხვდებოდი, დღესაც ბევრი რამ არის ჩემთვის საოცარი.
სალიმიანი ზაირა, ანასტასიას საფლავის მომვლელი:
– მე აქვე კუკიის სასაფლაოზე ქურთების დასახლებაში ვცხოვრობ და ჭირისუფალს ვეხმარები რომ მისი მიცვალებულის საფლავი მოვლილი დახვდეს, ვისაც რამდენი შეუძლია იმდენს თანხას მიტოვებს, ადრე ანასტასიასთან მოსული მლოცველებიც მიტოვებდნენ მოვლის საფასურს, მაგრამ მერე მე თვითონ ვუთხარი უარი. დავფიქრდი, ყოველდღიურად ეს ამოდენა ხალხი რომ მოდის და ამდენი ადამიანს თხოვნა–სურვილი რომ უსრულდება მოდი ერთი მეც ვცემ პატივს და რამე რომ დამჭირდეს მეც დამეხმარება თქო, აი ეხლაც ერთი პარკი სულ სავსეა წერილებით, ზოგი უშვილო, შვილს ევედრება, ზოგი ჯანმრთელობას და ზოგი სიყვარულს. ჩემი ქმარი რაზმიკა მონათლული არ არის, მაგრამ კეთილი კაცია და ღამით როცა მლოცველები მოდიან, ეხმარება, ფანრით გზას უნათებს, რომ სასაფლაოზე მივიდნენ და სანთლები დაანთონ, კარგი იქნება, თუ ჩვენი მთავრობა, უგულავამ, ცოტა ასფალტი აქეთაც დაგვიგოს, ერთი განათების "სტოლბა" აქაც დაგვიდგას, რომ მოსალოცად მოსულ ხალხს გზა გაუნათოს.
როგორც არქიმანდრიტი რაფაელი წერდა თავის წიგნში: "...ანასტასიას თვალები კაშკაშა სინათლეს ასხივებდა, ღამეულ ცას ანათებდა. მისი გამჭოლი მზერა შიშის მსგავს განცვიფრებას იწვევდა, ადამიანი გრძნობდა, რომ სულში ჩახედეს და მისი ცხოვრება, წარსული თუ მომავალი დაინახეს".

 

 

 

 

ბმულები

 

კალენდარი

«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ძებნა

დატოვეთ შეტყობინება

100

საგალობლები

free counters
Free counters
 
Create a free website with uCoz